თავიდან ყველაფერი თამაშით დაიწყო… დედას - ეკატერინე თარხნიშვილს, ფრანგული ენის მასწავლებელს,მოსწავლეების რვეულები შესასწორებლად სახლში მოჰქონდა… მეც "სახლობანას" თამაშს "სკოლობანა" ჩავანაცვლე, ჩემს საკლასო ჟურნალში, დედოფლების ნაცვლად, ოჯახის წევრების სია ჩამოვწერე… თუმცა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი, მსახიობი და რეჟისორიც თავად გახლდით…
1969 წელს ქ. თბილისის 147-ე სკოლის გახსნასთან ერთად ვიზეიმე პირველი სასწავლო წლის დაწყება და წლებს ვეღარც ვითვლი, მერამდენედ აწკრიალდა ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების ზარი…
პოეზიამ, ლექსის სწორად კითხვამ სცენა შემაყვარა და მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ცხოვრების მიზნად მშობლიური ენის სამსახური ავირჩიე და 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის (ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალობით) დამთავრების შემდეგ ჩემს 147-ე სკოლას დავუბრუნდი მასწავლებლად და უპირველეს ყოვლისა, კვლავაც მოსწავლედ (1985 – 1996წ.წ.)
გავხდი მეუღლე, მშობელი… შვილებთან – გვანცასთან და ეკასთან ერთად – ქ. თბილისის 27-ე საავტორო სკოლაში "სწავლა გავაგრძელე"… (1996-2005 წ.წ.). ლიტარატურული ნაწარმოების გააზრებამ, პერსონაჟთა ხასიათების წვდომის სურვილმა გაკვეთილებიდან სკოლის სცენაზე გადაინაცვლა და მოსწავლეებთან ერთად მსახიობობა და რეჟისორობაც ვცადე… "თამრიკო მასწავლებელი" ხუმრობით "რობიკოდ" მოვინათლე.
წლებმა და გამოცდილებამ №56-ე საჯარო სკოლაში ჩემი საქმიანობა (სკოლის დირექტორის მოადგილის რანგში 2005 2007 წ.წ.) ახლებურად წარმართა… თუმცა, დიდი ძალისხმევა დამჭირდა მომართვა: "Тамара Петровна" ან "ქალბატონო თამარ!" კვლავ "თამრიკო მასწავლებლად" რომ დამებრუნებინა…
2007 წლიდან ევროპულ სკოლაში ვასწავლი და ვცდილობ მოსწავლეებს ქართული ფესვები და ევროპული ხედვა კაზმული სიტყვის მეშვეობით ვაგრძნობინო... ინტერნეტ სივრცის მეშვეობით ჩვენი სკოლის შესახებ
საინტერესო ამბები და ინფორმაცია ყველას
გავაცნო...
2005 წლიდან დღემდე ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისიის წევრი (ქართული ენა და ლიტერატურა), 2011 - 2015 სასწავლო წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამსწორებელი გახლავართ, ხოლო 2010 წელს თავად მივიღე მონაწილეობა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაში (VII-XII კლასები) და მიხარია, რომ კათედრის ყველა წევრთან ერთად, ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი.
2012 წელს კვლავაც ვისურვე (I-VI კლასების) ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება და მეორე სერტიფიკატიც ავიღე.
ვსწავლობ – ვასწავლი, მიბრაზდებიან – ვუღიმი… მიყვარს ბავშვები… დღესაც მიმაჩნია, რომ არაფერი შეედრება იმ ემოციას, რომელიც ბავშვის გუწრფელ სიხარულს განგაცდევინებს…
Комментариев нет:
Отправить комментарий